საქართველოს ელჩმა, როლანდ ბერიძემ (რეზიდენციით ქ. პრეტორია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ზამბიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ჰაკაინდე ჰიჩილემას
2024 წლის 23 იანვარს, საქართველოს ელჩმა, როლანდ ბერიძემ (რეზიდენციით ქ. პრეტორია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ზამბიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ჰაკაინდე ჰიჩილემას. ცერემონიალის ფარგლებში, გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის ხანმოკლე პირისპირ შეხვედრა, რომლის დროსაც, მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების, მათ შორის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და ზამბიას გააჩნიათ ეკონომიკური და ბიზნეს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. პრეზიდენტმა ჰიჩილემამ აღნიშნა, რომ ზამბია მოწადინებულია გააღრმავოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან და დასძინა, რომ ზამბია არის და მომავალშიც დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდამჭერად. ცერემონიას ასევე ესწრებოდა ზამბიის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული ჩაბუკა ჟარომ კავეშა.