Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2024 წლის 28 მაისს, . პრეტორიის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პოპულარულ კლუბში Pretoria Country Club, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების, სამეცნიერო და ბიზნესის წრეების, მმართველი პარტიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს საპატიო კონსულები. პრეტორიაში გამართულ მიღებას ასევე დაესწრნენ სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა როლანდ ბერიძემ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონების ოკუპაციით გამოწვეულ სირთულეებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებს.

ელჩი ასევე ისაუბრა საქართველოს წამყვან როლსა და მნიშვნელობაზე რეგიონალური და გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამასთან, როლანდ ბერიძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მოახერხა მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.

როლანდ ბერიძემ მიმოიხილა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ურთიერთობები და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობებისთვის  აუცილებელია ახალი დინამიკის შეძენა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელით, დამსწრე საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობათა და თანამშრომლობის სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილემ, ელჩმა მაუდ დლომომ. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კეთილმეგობრულ ურთიერთობებს და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ემყარება გაეროს ისეთი ფუნდამენტალური პრინციპების ურთიერთპატივისცემას, როგორებიცაა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა. ამავე კონტექსტში, ელჩმა დლომომ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების .. „დამოუკიდებლობასდა მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მიღებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურისტული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების ვიდეო რგოლები, საღამოს კი მუსიკალურად აფორმებდა ადგილობრივი ტრიო Con Grazia, რომელმაც რევაზ ლაღიძის ცნობილი ქართული ფილმებისა და ხალხური ცეკვების მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა. სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.