ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა



ძვირფასო სტუმარო,

მოგესალმებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ჩემთვის უდიდესი პატივია ევროპული ცივილიზაციის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ქართველ ერს წარმოვადგენდე უნიკალური, მრავალფეროვანი და მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

საქართველოს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ეფუძნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. ეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. ამავე დროს, პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისათვის დადებით პერსპექტივებს განაპირობებს თავისუფლების და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მუდმივი სწრაფვის საერთო ამოცანები.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 23 აპრილს, ხოლო საქართველოს საელჩო პრეტორიაში მხოლოდ 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. როგორც საქართველოს პირველი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უფლებამოსილების შესრულებას 2012 წლის 2 ნოემბრიდან შევუდექი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ბოლო წლებში საქართველოს დიპლომატიური ქსელის გაფართოვების შედეგად. ეს ტენდენცია, თავის მხრივ, განპირობებულია ქართველი ხალხის და ქვეყნის ხელისუფლების სურვილით გაღრმავდეს ჩვენი მეგობრული და პარტნიორული კავშირები მთელს მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი წარმოადგენს. ამავე დროს, ჩვენთვის უაღრესად აქტუალურია მსოფლიოს სხვა რეგიონებში დღემდე აუთვისებელი პოტენციალის სრულად გამოყენება. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის მართლაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება აფრიკის კონტინენტზე და მსოფლიოში სულ უფრო მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავებას პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, განათლების სფეროებში.

იმედი გვაქვს, რომ ეს ვებ-გვერდი საინტერესო და სასარგებლო ინტერნეტ რესურსი გახდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნებისმიერი მოქალაქის და აქ მცხოვრები ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს ინფორმაციის მიღება სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის, ასევე საქართველოს ისტორიის, შიდა პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის მრავალფეროვანი თემატიკის შესახებ. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტუმართმოყვარე ქვეყანაში მოგზაურობისთვის საჭირო ცნობები, მათ შორის,ინფორმაცია საკონსულო საკითხებზე.

მსურს ასევე უღრმესი პატივისცემა გამოვხატო და თანადგომა აღვუთქვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები მცირერიცხოვანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. გამოვთქვამ მათთან მჭიდროდ თანამშრომლობის სურვილს. მისასალმებელი იქნება, თუ თითოეული ჩვენთაგანი შესაძლო მოკრძალებულ წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას და ხალხებს შორის მეგობრული და საქმიანი კავშირების განვითარებაში.

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვისას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე; შევეცდებით უმოკლეს ვადაში ვუპასუხოთ თქვენს მომართვებს და შეკითხვებს. მადლიერი ვიქნებით, ასევე, ყველა იმ კომენტარისთვის, რაც საელჩოს საქმიანობის სრულყოფას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ვებ-გვერდზე შემოსვლისთვის და გისურვებთ წარმატებებს.

პატივისცემით,

ბექა დვალი
საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ