ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის შესახებ

2017 წლის 26 მაისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიის პრესტიჟულ საკონფერენციო ცენტრში, საქართველოს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას. ღონისძიებას დაესწრო სამასამდე სტუმარი, მათ შორის, საქართველოს საპატიო კონსულები მოზამბიკში და ბოცვანაში, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის წევრები, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, სამხრეთ აფრიკის ბიზნესის,  სამეცნიერო-აკადემიური წრეების და მას-მედიის წარმომადგენლები, ასევე, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. საზეიმო ღონისძიებას გაუძღვა სამხრეთ აფრიკაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი თინათინ გვილია.

მიღება გაიხსნა საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ჰიმნების შესრულებით.

სამხრეთ აფრიკის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში, მიღებას დაესწრო და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების დირექტორატის  მთავარმა დირექტორმა, ქალბატონმა ლინდა შონგვემ.

თავის საზეიმო სიტყვაში, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა ისაუბრა საქართველო-სამხრეთ აფრიკის, საქართველო-აფრიკის ურთიერთობებზე, ასევე, საერთაშორისო არენაზე საქართველოს მზარდ როლზე.

საქართველოს ელჩმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა პრეტორიაში საქართველოს საელჩოს და ელჩის დიპლომატიური გადაფარვის დამატებით 11 ქვეყანაზე (ანგოლა, ბოცვანა, მავრიკი, მადაგასკარი, მოზამბიკი, ნამიბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლესოტო, სვაზილენდი, ზამბია, ზიმბაბვე), რომლებთანაც, ასევე, ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები. საგანგებოდ აღინიშნა, მიმდინარე წლის დასაწყისში, მოზამბიკის რესპუბლიკასთან გამართული პირველი მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობა და მავრიკის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნაცვალგების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან - აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან - დაკავშირებულ საკითხებში. ხაზი გაესვა საერთაშორისო სოლიდარობის გაგრძელების მნიშვნელობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, იოჰანესბურგის ფილარმონიული ორკესტრის სიმებიანმა კვარტეტმა, შეასრულა ქართველ და მსოფლიო კლასიკოსთა ნაწარმოებები.

სტუმრებს, ასევე, მიეცათ ქართული ღვინის და ჭაჭის დაგემოვნების შესაძლებლობა.

 

2017 წლის 26 მაისი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ