ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს შორის ქ. მაპუტუში გაიმართული პირველი პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ

 

2017 წლის 16 მარტს, მოზამბიკის რესპუბლიკის დედაქალაქ მაპუტუში გაიმართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს შორის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. კონსულტაციებში მონაწილეობდა მოზამბიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქალაქი პრეტორია) ბექა დვალი. მოზამბიკის რესპუბლიკის საგარეო უწყების დელეგაციას ხელმძღვანელობდა მოზამბიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე ნიელეტი ბრუკ მონდლანე.

პოლიტიკური კონსულტაციების მსვლელობისას, მოხდა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა საქართველოსა და მოზამბიკში, ასევე, შესაბამის რეგიონებში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის განვითარების პერსპექტივები, პოლიტიკური დიალოგის, თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთმხარდაჭერის შესაძლებლობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, დეტალურად იქნა განხილული ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის საქმეთა, სპორტის და სხვა სფეროებში, თანამშრომლობის თემატიკა.

ორივე მხრიდან ხაზი გაესვა, რომ საქართველო და მოზამბიკი გააგრძელებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების შესაბამისად, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. მხარეები გასწევენ ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების მიმართულებით. შეთანხმდა, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართება 2018 წელს, საქართველოში.

16 მარტს, ქ. მაპუტუში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბატონ დავით ჯალაღანიას და საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციის შეხვედრა მოზამბიკის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან, ბატონ სილვა დუნდუროსთან. შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს და მოზამბიკს შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

2017 წლის 16  მარტი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 16 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ