საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნამიბიაში საქართველოს ელჩის ვიზიტის შესახებ

2018 წლის 23-24 აპრილს, ნამიბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით . პრეტორია) ბექა დვალი მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში.

საქართველოს ელჩმა გამართა სამუშაო შეხვედრა ნამიბიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს მუდმივ მდივანთან, ქალბატონ სელმა აშიპალა-მუსავისთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოს და ნამიბიას შორის ურთიერთობების თემატიკა.

ორივე მხრიდან დაფიქსირდა მზადყოფნა გაგრძელდეს ორმხრივი პარტნიორული კავშირების განვითარება-გაღრმავება სხვადასხვა სფეროში, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპის სრული დაცვით.

ვინდჰუკში ვიზიტისას, საქართველოს ელჩმა, ასევე, გამართა შეხვედრები ნამიბიის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, პროფესორ პიტერ კატჯავივისთან, ნამიბიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მინისტრთან ბატონ მარტინ ანდჯაბასთან, ნამიბიის შინაგან საქმეთა და იმიგრაციის მინისტრთან ბატონ ფრანს კაპოფისთან, ნამიბიის უმაღლესი განათლების, სწავლებისა და ინოვაციების მინისტრთან დოქტორ იტაჯ კანდჯი-მურანგისთან და ნამიბიიის განათლების, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრთან, ქალბატონ კატრინა ჰანზე-ჰიმარვასთან.

ნამიბიის და საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის კავშირების შესაძლო განვითარების საკითხების განსახილველად, საქართველოს ელჩმა, ასევე, შეხვედრები გამართა ნამიბიის ორ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში, კერძოდ, იგი შეხვდა ნამიბიის უნივერსიტეტის პრო-რექტორს ბატონ კენეტ კამვი მუთანგას და ნამიბიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს, დოქტორ თჯამა თჯივიქუას.

2018 წლის 24 აპრილი

ვინდჰუკი