საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორონავირუსის კოვიდ-19-ის პანდემია - აფრიკის სამხრეთ რეგიონში არსებული ვითარება

 4 ივლისის

 მდგომარეობით

 

პრეტორიაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური აკრედიტაციის და გადაფარვის ქვეყნები (სამხრეთ აფრიკა, ანგოლა, ბოცვანა, ესვატინი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლესოტო, მადაგასკარი, მალავი,  მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, ზამბია, ზიმბაბვე)

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 177124 (+9063), დაღუპული - 2952 (+108), გამოჯანმრთელებული - 86298, ტესტირებული - 1745153

 

საზღვრებზე მოქმედებს მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

15 მარტს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ, სატელევიზიო მიმართვაში, მოსახლეობას ამცნო სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის (National State of Disaster) გამოცხადების შესახებ. გაირკვა, რომ მანამდე არსებული კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა ინფექციის ე.წ. შიდა გადაცემა. კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის და უარყოფითი შედეგების შემსუბუქების მიზნით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

 

-          2020 წლის 18 მარტიდან აიკრძალა სამხრეთ აფრიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ამ ქვეყნების მოქალაქეებზე გაცემული სამხრეთ აფრიკის ვიზები გაუქმდა. ამ ქვეყნების სია ექვემდებარება რეგულარულ გადახედვას. გამონაკლისია სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული დიპლომატები და ოჯახის წევრები;

-          სამხრეთ აფრიკის  მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახით მოგზაურობისაგან შემდეგ ქვეყნებში ან შემდეგი ქვეყნების გავლით: ევროკავშირის ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, აშშ და მაღალი რისკის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და სამხრეთ კორეა;

-          ხელისუფლება რეგულარულად გამოსცემს/განაახლებს რეკომენდაციებს ამა თუ იმ ქალაქში, ქვეყანაში თუ რეგიონში მგზავრობასთან დაკავშირებით;

-          ხელისუფლება რეგულარულად გამოსცემს/განაახლებს მაღალი რისკის და საშუალო რისკის ქვეყნების ნუსხას;

-          უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა მაღალი რისკის ქვეყანაში უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში, ვეღარ მიიღებს სამხრეთ აფრიკის ვიზას;

-          მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები დაექვემდებარებიან ტესტირებას და თვითიზოლაციას ან კარანტინს;

-          ვიზიტორები საშუალო რისკის ქვეყნებიდან (პორტუგალია, ჰონგ კონგი და სინგაპური) გაივლიან მკაცრ სამედიცინო შემოწმებას;

-          ყველა ვიზიტორი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩამოვიდა მაღალი რისკის ქვეყნიდან, თებერვლის შუა რიცხვებიდან, დაეკისრა კორონავირუსზე ტესტირების გავლის ვალდებულება;

-          გამკაცრდება კონტროლი იოჰანესბურგის, კეიპ თაუნის და დურბანის საერთაშორისო აეროპორტებში;

-          სამხრეთ აფრიკის 72 სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო პუნქტიდან დაიხურება 35 პუნქტი, 2020 წლის 16 მარტიდან;

-          8 საზღვაო პორტიდან 2 პორტი დაიხურა მგზავრებისა და გემების ეკიპაჟებისთვის;

-          აიკრძალა საზღვარგარეთ სახელმწიფო მოხელეების არა-არსებითი (non-essential) მოგზაურობა;

-          სახელმწიფოს რეკომენდაციაა, ყველამ თავი შეიკავოს არა-არსებითი (non-essential) მოგზაურობისაგან ქვეყნის შიგნით, იქნება ეს საჰაერო გზით, მატარებლით, ავტობუსით თუ მინი-ავტობუსით;

-          სკოლებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება 18 მარტიდან აღდგომის (12 აპრილის) ჩათვლით პერიოდში;

-          ყველა, ვინც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის ქვეყნეში, ვალდებული არიან მოახდინონ ტესტირება კორონავირუსზე;

-          ყველა, ვისაც გამოუვლინდება კორონავირუსის სიმპტომები მსუბუქი ფორმით, უნდა მოახდინონ თვითიზოლაცია;

-          აიკრძალა 100-ზე მეტი ადამიანის თავყრილობა;

-          100-ზე ნაკლები ადამიანის შეკრებისას, მასპინძელმა უნდა უზუნველყოს ჰიგიენის და დეზინფექციის სათანადო წესების დაცვა;

-          დაიკეტა ყველა სახის ტურისტული ატრაქციონი/ადგილი;

-          რეკომენდებულია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კონტაქტი ადამიანებს შორის (social distancing) და გაუმჯობესდეს ჰიგიენის წესების დაცვა მაღაზიებში, ოფისებში, საჯარო დაწესებულებებში;

-          დღემდე, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების მართვას ახორციელებდა სამინისტროთაშორისი კომიტეტი ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით. კრიზისის მართვას განახორციელებს ეროვნული საბჭო (National Command Council), პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. საბჭოში შევლენ სამინისტროთაშორისი კომიტეტის წევრებიც. საბჭო შეიკრიბება კვირაში სამჯერ.

 

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის გამოსვლის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://sacoronavirus.co.za/2020/03/15/statement-by-president-cyril-ramaphosa-on-measures-to-combat-covid-19-epidemic/

 

ავიამიმოსვლის შეზღუდვა

 

18 მარტს, განუსაზღვრელი ვადით, ფრენები შეწყვიტა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანიამ SA Express-მა. კერძოდ, გააუქმა ყველა შიდა რეისი, ასევე, რეისები შემდეგი მიმართულებებით: ვალვის ბეი (ნამიბია), ლუბუმბაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხაბორონე (ბოცვანა).

18 მარტს, სამხრეთ აფრიკის წამყვანმა ავიაკომპანიამ „სამხრეთ აფრიკის ავიახაზებმა“ , მგზავრების ნაკადის შემცირების გამო, გააუქმა 162 რეისი. აღინიშნა, რომ რეისები განხორციელდებოდა მხოლოდ მგზავრთა რაოდენობის გათვალისწინებით. ეს შეეხო შემდეგ მიმართულებებს: დარ ეს სალამი, ენტებე, კინშასა, ჰარარე, ლილონგვე, ლაგოსი, ლუსაკა, მაპუტუ, ვინდჰუკი, ნაირობი.

20 მარტიდან სამხრეთ აფრიკის ავიახაზებმა შეწყვიტა ყველა საერთაშორისო ფრენა მაისის ბოლომდე.

 

23 მარტს, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატების გათვალისწინებით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 26 მარტის 23:59-დან 16 აპრილამდე, 21 დღით, გამოაცხადა კარანტინი (Lockdown). კარანტინის დაცვის უზრუნველყოფას მოახდენს პოლიცია და თავდაცვის ძალები. დაიკეტა ყველა დაწესებულება, გარდა შემდეგისა: აფთიაქები; ლაბორატორიები; ფოსტა; ბანკები; არსებითი გადახდის სერვისები, მათ შორის, საფონდო ბირჟა; სუპერმარკეტები; ბენზოგასამართი სადგურები; ჯანდაცვის ორგანიზაციები; კომპანიები, რომლებიც არსებით როლს ასრულებენ საკვები, ძირითადი საქონლის და სამედიცინო პროდუქტების წარმოებასა და მიწოდებაში- პოლიცია და უსაფრთხოების სტრუქტურები.  ზუსტდება სხვა დეტალები და პროცედურები.

 

26 მარტიდან, „სამხრეთ აფრიკის ავიახაზებმა“ საერთაშორისო და რეგიონულ რეისებზე დამატებით, შეწყვიტა ქვეყნის შიდა რეისებიც.

 

                29 მარტს, სამხრეთ აფრიკის ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება კოვიდ-19-ის გვერდითი უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად, 1 აპრილიდან შემდეგი სხვადასხვა სახის საგადასახადო ზომების მიღების შესახებ:

 

-          ოთხი თვის განმავლობაში, სახელმწიფო კომპანიებს მისცემს სუბსიდიებს 1 დასაქმებულზე (რომლის ხელფასი 6,500 რანდზე ნაკლებია) თვეში 500 სამხრეთ აფრიკული რანდის ოდენობით;

-          სამხრეთ აფრიკის შემოსავლების სამსახური დასაქმების გადასახადის კომპანიებისათვის დაბრუნებას განახორციელებს ყოველთვიურად (წელიწადში მხოლოდ ორჯერ დაბრუნების ნაცვლად);

-          50 მილიონ რანდზე ნაკლები ბრუნვის მქონე კომპანიები, შეძლებენ უახლოესი 4 თვის განმავლობაში არ დააკავონ დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადის 20%;

-          მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობა 6 თვის განმავლობაში;

-          გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 6 თვის განმავლობაში;

-          გაგრძელდება მუშაობა სხვა საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირების და გამოყენების მიზნით.

 

30 მარტს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ განაცხადა, რომ ხელისუფლება იწყებს სამხრეთ აფრიკის მასშტაბით, 10,000 მედპერსონალის მონაწილეობით, ფართომასშტაბიან სქრინინგ პროგრამას კორონავირუსზე. მოხდება შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტების იდენტიფიცირება, დამატებითი შესწავლა და ტესტირება (“Roll out of Screening, testing, tracing and medical management programme on a huge scale”).

 

9 აპრილს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ, ექსპერტებთან კონსულტაციების გზით, მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის დამატებით 2 კვირით გაგრძელების შესახებ, კერძოდ, 16 აპრილიდან 1 მაისამდე. ამ პერიოდში, ხელისუფლება გააგრძელებს მოსახლეობის ფართომასშტაბიან სქრინინგს და ტესტირებას.

10 აპრილს, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, საჯარო სივრცეში ნიღბების დატერბასთან დაკავშირებით.

 

16 აპრილიდან, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ, 1 მაისამდე მოქმედი საყოველთაო კარანტინის პირობებში, მუშაობის განახლების უფლება მისცა შემდეგ კატეგორიის პირებს: 1) ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები-მუშაობას განაახლებენ სრული მოცულობით; 2) სამთო მოპოვებითი სექტორი/მაღაროები-მუშაობას განაახლებენ 50%-ით; 3) მიმწოდებლები, მათ შორის, ხელოსნები (ელექტრიკოსები, სხვ.) და სამრეწველო ტექნიკის მაღაზიები, რომლებიც საქონელს აწვდიან „არსებითი სერვისების“ უზრუნველმყოფ ორგანიზაციებს; 4) ავტომომსახურების კომპანიები; 5) მეთევზეები და სხვადასხვა საქონლის ინდივიდუალური გამყიდვლები; 6) ე.წ. ქოლ ცენტრები; 7) დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მოსამსახურეები; 8) საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები.

 

21 აპრილს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ განაცხადა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ის - 500 მილიარდი სამხრეთ აფრიკული რანდის (დაახლოებით, 30 მილიარდამდე აშშ დოლარის) მოცულობის პაკეტს კორონავირუსით ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად. პაკეტი ითვალისწინებს სოციალური გრანტების და ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდამჭერი ზომების, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობას, ასევე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. დახმარების ხსენებული პაკეტის უზრუნველსაყოფად, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას მოუწევს დახმარების თხოვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, მსოფლიო ბანკისთვის, ბრიკსის ახალი განვითარების ბანკისთვის და აზიის განვითარების ბანკისთვის.

 

21 აპრილს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა მიმართა ქვეყნის პარლამენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და საყოველთაო კარანტინის აღსრულების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალების 73 000-იანი კონტინგენტის გამოსაყენებლად თანხმობის მისაღებად. მანამდე, თავდაცვის ძალების მხოლოდ სამი ათასამდე წარმომადგენელი ეხმარებოდა პოლიციას შემოღებული ზომების აღსრულებაში.

 

23 აპრილს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობას ამცნო, რომ სამხრეთ აფრიკამ შეძლო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება, რასაც მძიმე ეკონომიკური შედეგები ახლავს თან. ხელისუფლება 2020 წლის პირველი მაისიდან გეგმავს ეტაპობრივად საყოველთაო კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას, რა მიზნითაც ხელისუფლებამ შეიმუშავა საგანგებო ვითარების 5 დონიანი სისტემა (Five Alert Levels: Alert Level 5; Alert Level 4; Alert Level 3; Alert Level 2; Alert Level 1). 23 აპრილისთვის, სამხრეთ აფრიკაში მოქმედებს მე-5 დონე, ხოლო 1 მაისიდან იგეგმება მე-4 დონეზე გადასვლა. მე-5 დონე მოქმედებს ვირუსის გავრცელების მაღალი ინტენსივობის პირობებში და გულისხმობს ყველაზე მკაცრ რეჟიმს საყოველთაო კარანტინის ჩათვლით; მე-4 დონის შემოღებისას ნარჩუნდება მკაცრი ზომების უმრავლესობა, თუმცა ნებადართულია ზოგიერთი საქმიანობა; მე-3 დონე გულისხმობს ბევრ საქმიანობაზე შეზღუდვების შენარჩუნებას; მე-2 დონის დროს კვლავაც მოქმედებს ფიზიკური დისტანცირება და კვლავაც შეზღუდულია გართობითი საქმიანობა/შეკრებები; 1-ლი დონისას იხსნება ეკონომიკური საქმიანობის და საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო, თუმცა მოსახლეობა კვლავაც მზად უნდა იყოს რეჟიმის ნებისმიერ მომენტში გამკაცრებისთვის.

აღნიშნული სქემის შემოღების ფუძემდებლური პრინციპია, რომ განგაშის დონე, ნებისმიერ მომენტში, ვირუსის გავრცელების ტენდენციიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ან რეგიონებისა თუ ცალკეული დასახლებული პუნქტების მიხედვით, შეიძლება შემსუბუქდეს ან გამკაცრდეს, საგანგებოდ შექმნილი სამთავრობო შტაბის  (National Command Council) გადაწყვეტილებით. დონეების შეცვლა შესაძლებელია 1 ან 2 თუ მეტი საფეხურის გამოტოვებით. შესაბამისად, დროის მოცემულ მონაკვეთში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი შეიძლება იმყოფებოდეს განგაშის სხვადასხვა დონეზე და რეჟიმში.  

ქვეყნის მასშტაბით ან ცალკეულ რაიონებში განგაშის ამა თუ იმ დონის შემოღების განმაპირობებელი კრიტერიუმი იქნება 1) ინფიცირების რაოდენობა და 2) ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა მიიღოს ინფიცირებულები.

არსებითი საქონლის და სერვისების (essential goods and services) მიწოდება მოხდება განგაშის 5-ვე დონეზე.

ფიზიკური დისტანცირების და ჰიგიენის დაცვის მოთხოვნები მოქმედებს განგაშის 5-ვე დონეზე.

ყველა, 5-ვე დონეზე. საჯარო შეკრებები და მაღალი რისკის შემცველი აქტივობები აკრძალული იქნება. კერძოდ: აკრძალულია ბარების ფუნქციონირება; აკრძალულია კონფერენციების და სემინარების ჩატარება; აკრძალულია კინოთეატრების, თეატრების ფუნქციონირება და კონცერტების გამართვა; აკრძალულია სპორტული ღონისძიებების ჩატარება; აკრძალულია რელიგიური, კულტურული და სოციალური თავყრილობები.

განგაშის 5-ვე დონეზე იმოქმედებს შემდეგი მოთხოვნები: 1) ფიზიკური დისტანცირება 2 მეტრი; 2) სახლიდან გამოსვლისას ნიღბის ტარების ვალდებულება; 3) 60 წელზე მეტი ასაკის პირები და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, სხვ.) უნდა დარჩნენ სახლში და იქაც შეეცადონ მაქსიმალურ დისტანცირებას და იზოლირებას ოჯახის წევრებისგან; 4) ხელების ხშირი დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

 

13 მაისის სატელევიზიო გამოსვლაში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოდან შემსუბუქდება კარანტინის და შეზღუდვების რეჟიმი მე-3 დონემდე. შეზღუდვების არსებული მკაცრი მე-4 დონე დარჩება იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც მაღალია კოვიდ-19-ის გავრცელების ინტენსივობა.

 

24 მაისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამემამულეებისადმი პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ინფექციების მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 ივნისიდან ქვეყანა გადადის შეზღუდვების მე-4 დონიდან შედარებით მსუბუქ - მე-3 დონეზე. კერძოდ, 1 ივნისიდან ქვეყანაში ამუშავდება პრაქტიკულად ყველა ბიზნეს ორგანიზაცია, მათ შორის, სავაჭრო ობიექტები და ტრანსპორტი. თუმცა, კვლავაც დაკეტილი დარჩება რესტორნები, კინოთეატრები, პაბები, ბარები, ტავერნები, სასტუმროები და ტურიზმის სექტორი. კვლავაც დაკეტილი დარჩება ქვეყნის საერთაშორისო საზღვრები.  1 ივნისიდან ამოქმედდება დაწყებითი სკოლების (Primary School) დამამთავრებელი მე-7 კლასები და სკოლის (High School) დამამთავრებელი მე-12 კლასები. 1 ივნისიდან დაშვებულ იქნება შეზღუდული სახით ალკოჰოლის გაყიდვა. კვლავაც ძალაში რჩება აკრძალვა თამბაქოს გაყიდვაზე. სილამაზის სალონები გაიხსნება ეტაპობრივად. მთელი ქვეყნის მასშტაბით განისაზღვრა 12 პრობლემური ტერიტორია (ე.წ. hot spots), მათ შორის, პრეტორია/ცვანე, იოჰანესბურგი, კეიპ თაუნი, სადაც ვირუსი ყველაზე სწრაფო ტემპით ვრცელდება და ყოველ 100000 ადამიანზე 5-ზე მეტია ინფიცირებული. ამ პრობლემურ ტერიტორიებზე მონიტორინგის და აკრძალვის გაძლიერებული რეჟიმი იმოქმედებს.

4 ივნისს, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის (National State of Disaster) 15 ივლისამდე გაგრძელების შესახებ.

5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკაში შიდა ტურიზმი აღდგება 2020 წლის დეკემბერში, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი მხოლოდ 2021 წლის თებერვალში.

18 ივნისს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა საზოგადოებას ამცნო, რომ ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება იძულებულია გააგრძელოს „ეკონომიკის გახსნა“. კერძოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ახლო მომავალში გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები, კინოთეატრები და თეატრები, დარბაზები კონფერენციებისა და ბიზნეს შეხვედრებისთვის, ყველა არაკონტაქტური სპორტი, ხოლო კონტაქტური სპორტი მხოლოდ წვრთნებისთვის, ასევე, სილამაზის სალონები, ეკლესიები და სხვა სალოცავები.

3 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, კოვიდ-19ის საწინააღმდეგო კარანტინის და სხვა შემზღუდავი ზომების აღსასრულებლად,  ქვეყნის თავდაცვის ძალების 20,000 ჯარისკაცის ქვეყნის მასშტაბით დისლოკაციის ვადის 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელების შესახებ.

 

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების მონიტორინგი შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდების მეშვეობით:

 

https://sacoronavirus.co.za/

 

http://www.nicd.ac.za/

 

კორონავირუსის ცხელი ხაზი: 0800 029 999

 

 

ანგოლა

 

ინფიცირებული - 328, დაღუპული - 18

 

საზღვრებზე ხორციელდება მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

 

20 მარტიდან, ანგოლის ხელისუფლებამ 15 დღით აკრძალა ყველა საჰაერო რეისი. ასევე, დაიკეტა ყველა სახმელეთო საზღვარი და აიკრძალა პორტში გემების შესვლა. გამონაკლისია მხოლოდ სატვირთო გემები. აიკრძალა საჯარო ღონისძიებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.


27 მარტიდან, ანგოლაში ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პრეზიდენტმა 25 მარტს გამოაცხადა.

 

23 აპრილს, ანგოლის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის მეორე 15 დღიანი ვადით გაგრძელების შესახებ.

 

8 მაისს, ანგოლის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის მესამე 15 დღიანი ვადით (25 მაისამდე) გაგრძელების შესახებ.

 

მაისის ბოლოს, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა ივნისის ბოლომდე, ხოლო ივნისის ბოლოს - ივლისის ბოლომდე.

 

3 ივლისს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანგოლის ავიახაზებს აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში რეისების განხორციელება ანგოლაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

 

 

 

ბოცვანის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 277; დაღუპული - 1

 

საზღვრებზე ხორციელდება მკაცრი სამედიცინო კონტროლი

ბოცვანაში ჩამსვლელ ნებისმიერ პირს, რომელსაც ექნება კორონავირუსის სიმპტომები მოუწევს 14 დღით თვითიზოლირება ან წაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი ტესტირებისთის.

 

16 მარტს ბოცვანის ხელისუფლებამ მიიღო შემდეგი შემზღუდავი გადაწყვეტილებები:

 

-          ბოცვანაში შესვლა აეკრძალათ პირებს შემდეგი მაღალი რისკის ქვეყნებიდან: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ირანი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და ინდოეთი. ქვეყნების ამ სიის განახლება მოხდება ყოველდღიურად, ბოცვანის ჯანდაცვის სამინისტროს (Ministry of Health and Wellness, Republic of Botswana) Facebook გვერდზე. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებული ბოცვანის მოქალაქეები და რეზიდენტები მოთავსდებიან 14 დღიან კარანტინში;

-          მაღალი რისკის ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეწყდება ბოცვანის ვიზების გაცემა, ხოლო გაცემული ვიზები გაუქმდება;

-          ყველა სახელმწიფო მოხელეს აეკრძალა საზღვარგარეთ მოგზაურობა;

-          აიკრძალა ნებისმიერი თავყრილობა, ღონისძიება, შეხვედრა 100-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით;

-          ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს გაციების ნიშნები და ჰქონდა კონტაქტი უცხოეთიდან ბოცვანაში ჩასულ პირებთან, ვალდებული არიან: დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 997, 3632756/3632757/3632773; არ გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი; თუ მოძრაობენ კერძო ავტომობილით და შედიან ჯანდაცვის დაწესებულებაში უნდა გაამჟღავნონ სიმპტომები დაუყოვნებლივ.

-          მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ ნებისმიერი არა-არსებითი მოგზაურობისაგან;

-          გაიცა კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები (ჰიგიენა, სხვ.);

-          დაიხურა სამხრეთ აფრიკასთან ბოცვანის 13 სასაზღვრო პუნქტი. ღია რჩება სამხრეთ აფრიკასთან ბოცვანის შემდეგი 4 სასაზღვრო პუნქტი: Ramatlabama, Tlokweng, Martin’s Drift, Pioneer’s Gate;

-          23 მარტიდან, განუსაზღვრელი ვადით დაიხურება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

31 მარტს, ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოკგვეცი მასისიმ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, 2020 წლის 2 აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით. ახალი რეჟიმი გულისხმობს შემდეგს: 28 დღის განმავლობაში „სოციალური დისტანცირების“ ზომების შემოღებას; გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, რომლის პირობებში სახლებიდან გამოსვლა და გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ სპეციალური ნებართვის (COVID PERMIT) მქონე პირებს, რომლებიც ჩართული არიან არსებით საქმიანობაში, რაც სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო მიმართავს ზომებს ბიზნესების მხარდასაჭერად (საბანკო სესხების სახელმწიფოს მიერ გარანტირებით და საგადასახადო შეღავათებით) და ზოგიერთი მუშა-მოსამსახურის დასახმარებლად (ხელფასების სუბსიდირებით); სტრატეგიული მარაგების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად (ხორბლის, საწვავის, წყლის და სამედიცინო პროდუქციის მარაგების შექმნით); ეკონომიკური დივერსიფიცირების მისაღწევად; მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად (საგანგებო ფონდის შექმნით). სახელმწიფო ასევე დაიწყებს აქტიურ მუშაობას კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად.

1 აპრილს, ბოცვანის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ კომპანიების მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების სუბსიდირებას, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ზიანი მიიღეს პანდემიის შედეგად.

 

9 აპრილის ინფორმაციით, ბოცვანის პარლამენტმა, პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 6 თვის ვადით. ახალი რეჟიმის ფარგლებში, სხვადასხვა ზომებს შორის, აღსანიშნავია: საყოველთაო კარანტინი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით; სკოლები დაიკეტება 6 თვის ვადით; 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ყველა უცხოელს; 6 თვის განმავლობაში აიკრძალა 2-ზე მეტი პირის შეკრება; 6 თვის განმავლობაში აიკრძალა ალკოჰოლის და სიგარეტის გაყიდვა; აიკრძალა გაფიცვა 6 თვის განმავლობაში; აიკრძალა სამსახურიდან მუშა-მოსამსახურის დათხოვნა, თუ ადგილი არ აქვს ბიზნესის დახურვას/ლიკვიდაციას.

 

17 მაისს ბოცვანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით აღდგება სკოლების ფუნქციონირება 2 ივნისიდან.

 

20 მაისს ბოცვანაში გაუქმდა საყოველთაო კარანტინი, რომელიც 48 დღის განმავლობაში მოქმედებდა.

 

ესვატინის/სვაზილენდის სამეფო

 

ინფიცირებული - 909, დაღუპული - 13

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

17 მარტს, ესვატინის სამეფომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა (National Emergency) ორი თვის ვადით. აიკრძალა ესვატინიში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა მაღალი რისკის ქვეყნებიდან. აიკრძალა ესვატინის მოქალაქეთა გამგზავრება საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში.

 

27 მარტიდან, ესვატინის/სვაზილენდის სამეფოში გამოცხადდა ნაწილობრივი კარანტინი. ამ ახალი რეჟიმის პირობებში, დაიკეტა ბიზნესების და დაწესებულებების ის ნაწილი, რომელიც არ არის არსებითი ეკონომიკის ფუნქციონირებისა და მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგებისთვის. მონარქის ზედამხედველობით, მთავრობის მიერ მოხდა საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს ფორმირება კორონავირუსთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიზნით. ეკონომიკის დასაცავად, მიღებულ იქნა შემდეგი ზომები: აპრილის პირველი კვირიდან შემცირდა საწვავის ფასები; ცენტრალურმა ბანკმა 1%-ით შეამცირა სესხებზე პროცენტი; ცენტრალური ბანკის მითითებით, ბანკების ლიკვიდურობაზე 25%-იანი მოთხოვნა შემცირდა 20%-მდე; კომერციული ბანკები, კონკრეტული რისკების შეფასებით, ინდივიდუალურად განიხილავენ ამა თუ იმ სუბიექტის თხოვნას მოკლევადიანი სესხების მხარდაჭერის ან გადასახადის შემსუბუქების შესახებ; საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის და გადასახადების გადახდის ვადა გადაწეულ იქნა სამი თვით (ივნისის დეკლარაციების წარდგენის და გადახდის ვადა ივნისიდან სექტემბრამდე გადაიწია, ხოლო დეკემბრის დეკლარაციების ვადა - 2021 წლის მარტამდე). ესვატინის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა ნაღდი ფულის გამოყენების ნაცვლად ელექტრონულ გადახდებზე გადასვლისკენ.

 

15 მაისის ინფორმაციით, ესვატინის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება 19 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

 

ზამბიის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 1632, დაღუპული - 30

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

16 მარტს, ზამბიის ხელისუფლებამ შემოიღო შემდეგი შეზღუდვები:

 

-          ზამბიაში შესვლა აეკრძალა შემდეგი ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებს: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ირანი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ავსტრია, ბელგია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და ინდოეთი. ამ ქვეყნებიდან მომავალი ზამბიელები და ზამბიის რეზიდენტები გაივლიან 14 დღიან კარანტინს;

-          შეწყდა ზამბიის ვიზების გაცემა ზამბიის ყველა საელჩოში და საზღვრებზე;

-          აიკრძალა ზამბიის სახელმწიფო მოხელეების ნებისმიერი მოგზაურობა საზღვარგარეთ. გამონაკლისია მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი;

-          30 დღით აიკრძალა 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ნებისმიერი შეკრება (რელიგიური შეკრებები, სპორტული ღონისძიებები, კონფერენციები, ქორწილები, ღამის კლუბები, მუსიკალური წარმოდგენები და კონცერტები, სავარჯიშო დარბაზები, სხვ.);

-          50 კაციანი შეკრებებისას, რეკომენდაციაა 1-2 მეტრიანი დისტანციის დაჭერა;

-          გაციების ნიშნების მქონე პირებმა: არ უნდა ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით; ჯანდაცვის დაწესებულებაში შესვლისას დაუყოვნებლივ აცნობონ საკუთარი სიმპტომების შესახებ;

-          გაიცა კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები (ჰიგიენა, სხვ.).

ზამბიაში ჩამსვლელ ნებისმიერ პირს, რომელსაც ექნება კორონავირუსის სიმპტომები, მოუწევს 14 დღით თვითიზოლირება ან წაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი ტესტირებისთის.

 

9 აპრილის ინფორმაციით, ზამბიის ხელისუფლებამ 2 კვირის ვადით, მაისამდე, გააგრძელა საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

25 ივნისს ზამბიის პრეზიდენტმა ედგარ ლუნგუმ განაცხადა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ქვეყნის საჰაერო საზღვრის, საერთაშორისო აეროპორტების დაუყოვნებლივ გახსნის და საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ზამბია გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის პირობებში მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საზღვარზე იმოქმედებს მკაცრი სამედიცინო კონტროლი. 25 ივნისის მდგომარეობით, ზამბიაში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 1497 შემთხვევა, ხოლო ამ ვირუსით დაიღუპა 18 ადამიანი.

 

 

ზიმბაბვეს რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 625, დაღუპული - 7

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

 

გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა (State of Disaster).

 

დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები.

 

დაიხურა რესტორნები, ბარები, კლუბები და სხვა მსგავსი გასართობი დაწესებულებები.

 

აიკრძალა მასობრივი თავყრილობები 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

 

აიკრძალა საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენები.

 

3 აპრილს, ზიმბაბვეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ: 1) გაფართოვდება ქვეყნის მასშტაბით ტესტირებების არეალი და რაოდენობა; 2) ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, მოხდება ჯანდაცვის ოპერაციების დეცენტრალიზაცია.

 

27 აპრილს, ზიმბაბვეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მარტის თვიდან მოქმედი საყოველთაო კარანტინის ვადა 2 კვირით გაახანგრძლივა. ასევე, მან განაცხადა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს 720 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს კომპანიების დასახმარებლად.

 

16 მაისს, ზიმბაბვეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების და კარანტინის რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. რეჟიმის გადახედვა და კორექტირება ყოველ 2 კვირაში ერთხელ მოხდება, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

 

1 ივლისიდან ზიმბაბვეში გაიხსნა ეროვნული პარკები და რესტორნები.

 

 

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 7311, დაღუპული -179

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

 

20 მარტიდან, აიკრძალა საჰაერო მიმოსვლა. გამკაცრდა კონტროლი სახმელეთო საზღვრებზე. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი ექვემდებარება საგანგებო შემოწმებას.

 

24 მარტს, კონგოს პრეზიდენტმა ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა (State of Emergency). მოხდა დანარჩენი ქვეყნისგან დედაქალაქ კინშასას იზოლირება, კერძოდ, აიკრძალა კინშასადან რეგიონებში გამგზავრება და პირიქით - რეგიონებიდან კინშასაში ჩამოსვლა.

 

20 აპრილს, ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 14 დღით გაახანგრძლივა.

 

23 აპრილს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა.

 

ლესოტოს სამეფო

 

ინფიცირებული - 35

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

 

18 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა (National Emergency). დაიკეტა სკოლები. აიკრძალა საჯარო შეკრებები. ქვეყანაში შესული ყველა პირი დაექვემდებარა 14 დღიან კარანტინს. ლესოტო დარჩა ერთადერთ გამონაკლისად რეგიონის ქვეყნებს შორის, რომელთაც აკრძალეს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან თავიანთ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა.

 

29 მარტიდან 21 აპრილამდე, ლესოტოს სამეფოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი.  ლესოტოს სამეფოს ყველა მხრიდან სამხრეთ აფრიკა ესაზღვრება. ყველა სასაზღვრო პუნქტი ჩაიკეტა მოქალაქეებისთვის. ნებადართულ იქნა მხოლოდ ტვირთების მოძრაობა.

 

21 აპრილიდან, ლესოტოს სამეფომ საყოველთაო კარანტინი ორი კვირით გაახანგრძლივა.

 

5 მაისიდან, ლესოტოში დაიწყო კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება. აღდგა მუშაობა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში. დაიწყო სწავლა სკოლებში. ნებადართულ იქნა შეკრებები და რელიგიური თავყრილობები არა უმეტეს 50 ადამიანის მონაწილეობით.

 

12 მაისს ლესოტოში გაუქმდა კარანტინის რეჟიმი.

 

მადაგასკარის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 2403, დაღუპული - 24

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

მადაგასკარზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მადაგასკარის ხელისუფლებამ შემოიღო შემზღუდავი ზომები ამ ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებით. კერძოდ: ტურისტულ სააგენტოებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების მქონე ქვეყნებიდან (declared outbreak countries) მომავალ ტურისტებს მისცენ შესაძლებლობა გააუქმონ ან გადადონ თავიანთი ვიზიტები; იმ პირებმა, რომლებიც იმყოფებიან კორონავირუსის გავრცელების ქვეყნებში (affected countries) და აპირებენ მადაგასკარში დაბრუნებას, უნდა გადადონ ქვეყანაში ჩასვლა 2020 წლის მარტის ბოლომდე. ამ პერიოდის გაგრძელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიის ევოლუციაზე; გამონაკლისები შეიძლება დაიშვას იმ მგზავრებთან მიმართებაში, რომლებსაც მიღებული აქვთ მადაგასკარის საგარეო და ჯანდაცვის სამინისტოების ერთობლივი თანხმობა. ამ პირებთან დაკავშირებით საკარანტინო პირობებს უზრუნველყო ქვეყნის ხელისუფლება; იმ ავია-კომპანიებმა, რომლებიც ასრულებენ ავია-რეისებს მადაგასაკარსა და სხვა ქვეყნებს შორის, გამონაკლისის გარეშე, ვირუსის გავრცელების ქვეყნების (outbreak countries) მოქალაქეებს და ეკიპაჟის წევრებს არ უნდა მისცენ უფლება იმგზავრონ თვითმფრინავით. იგივე წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ მადაგასკარისკენ გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში; ზღვის საშუალებით მადაგასკარზე ჩამოსულ მგზავრს, არ მიეცემა გემიდან ხმელეთზე გადასვლის/მადაგასკარის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, თუ მანამდე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვირუსის გავრცელების ქვეყანაში (outbreak country); არცერთ მცურავ სატრანსპორტო საშუალებას არ მიეცემა მადაგასკარის ტერიტორიალურ წყლებში ნავიგაციის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ მათზე იქნებიან მგზავრები ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან (declared outbreak countries). 14 მარტის მდგომარეობით, აკრძალულია მადაგასკარიდან საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან, გერმანიასთან, მაიოტის და რეუნიონის კუნძულებთან. სხვა ქვეყნებიდან ფრენები განხორციელდება მხოლოდ ერთ აეროპორტში - მადაგასკარის დედაქალაქის ანტანანარივოს ივატოს აეროპორტში. რეგიონებში მდებარე აეროპორტები არ მიიღებენ რეისებს კუნძულის გარედან. აიკრძალა საკრუიზო გემების შესვლა მადაგასკარზე. საზღვარგარეთ მყოფ მადაგასკარის მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია სამშობლოში დაბრუნდნენ 19 მარტამდე.  

17 მარტს, მადაგასკარის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ავია-მიმოსვლის აკრძალვის და სხვა სახის შემდეგ დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით:

 

-          19 მარტის 23:59-დან, 30 დღით ჩერდება ფრენები მადაგასკარიდან ევროპასთან, კერძოდ, შემდეგ ქვეყნებთან: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია;

-          19 მარტის 23:59-დან, 30 დღით ჩერდება მადაგასკარის ფრენები რეუნიონის და მაიოტის კუნძულებთან;

-          15 მარტიდან მადაგასკარის პორტებში ვეღარ შედიან საკრუიზო გემები;

-          მადაგასკარის მოქალაქეებს და რეზიდენტებს ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა გაუხანგრძლივდათ 19 მარტის 23:59-მდე.

 

22 მარტს, ვირუსით ინფიცირების დამატებით 9 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ (9-ვე პაციენტი საფრანგეთიდან ბოლო თვითმფრინავს ჩამოყვა, ფრენების აკრძალვამდე), მადაგასკარის პრეზიდენტმა გამოაცხადა დამატებით შემდეგი ზომების შემოღების შესახებ:

 

-          შეიქმნა პანდემიასთან საბრძოლველად საგანგებო ორგანო;

-          23 მარტიდან ამოქმედდა შეზღუდვა გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით;

-          შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტვირთების მოძრაობა;

-          რეგიონებს შორის შეიქმნება სანიტარული ბარიერები;

-          დაიკეტება ყველა დაწესებულება პროდუქტების მაღაზიების გარდა, სადაც წასვლის შესაძლებლობა მიეცემა ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს;

-          ფუნქციონირებას გააგრძელებენ აფთიაქები, ბანკები და ბენზოგასამართი სადგურები;

-          კომენდანტის საათი 20:00-დან 05:00-მდე;

-          ძირითადი პროდუქტების მიმოქცევას დაარეგულირებს ხელისუფლება.

 

მადაგასკარის ხელისუფლებამ, ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით და ბანკების ლიკვიდურობის მხარდასაჭერად, მარტის განმავლობაში, ბანკების სისტემაში ჩაუშვა 112.2 მილიონი აშშ დოლარი. მადაგასკარის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ აკვირდება ვითარების დინამიკას და საჭიროებისამებრ მიიღებს დამატებით ზომებს.

 

მალავის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 1498, დაღუპული - 16

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

23 მარტიდან დაიკეტა ყველა სკოლა, კოლეჯი, კერძო და საჯარო უნივერსიტეტები და აიკრძალა შეკრებები 100-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

 

14 აპრილს მალავის პრეზიდენტმა პიტერ მუთარიკამ გამოაცხადა საყოველთაო კარანტინი, რომელიც იმოქმედებს 18 აპრილიდან 9 მაისამდე. საყოველთაო კარანტინის განმავლობაში, შეჩერდება ყველა არა-არსებითი ბიზნესის და საქმიანობის განხორციელება.

 

 

მავრიკის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 341, დაღუპული - 10

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

ნებისმიერი პირი/მგზავრი, რომელსაც ექნება გაციების ნიშნები, მოთავსდება 14 დღიან კარანტინში.

 

გაუქმდა საჰაერო კავშირი ჩინეთთან და იტალიასთან.

 

16 მარტიდან 30 მარტამდე მავრიკზე ჩასვლა აეკრძალა მანამდე 14 დღის განმავლობაში რეუნიონის კუნძულზე მცხოვრებ ან იქიდან მომავალ ნებისმიერ უცხოელს. მავრიკის მოქალაქეები მოთავსდებიან კარანტინში.

 

18 მარტიდან 1 აპრილამდე მავრიკზე ჩასვლა ან მავრიკის ტრანზიტად გამოყენება აეკრძალა ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში და შვეიცარიაში მცხოვრებ ან იქიდან მომავალ ნებისმიერ უცხოელს. მავრიკის მოქალაქეები მოთავსდებიან კარანტინში.

 

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჯერ-ჯერობით, „მავრიკის ავიახაზების“ ფრენების შენარჩუნების შესახებ პარიზის, ლონდონის და რეუნიონის მიმართულებით.

 

მავრიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მავრიკის ბანკი/ქვეყნის ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკების მეშვეობით ბიზნეს სექტორს აღმოუჩენს 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მხარდაჭერას კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად.

 

სახელმწიფომ დააწესა კრედიტზე პროცენტის მაქსიმალური ლიმიტი 2.5%

 

28 აპრილს, მავრიკის ხელისუფლებამ დაიწყო კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება. აღინიშნა, რომ გეგმის მიხედვით, სურთ ორი კვირის განმავლობაში 100 000 ადამიანის ტესტირება.

 

1 მაისს მავრიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის ვადა 1 ივნისამდე გაგრძელდა.

 

11 მაისს, მას შემდეგ, რაც 14 დღის განმავლობაში მავრიკზე არ დაფიქსირებული კოვიდ-19-ით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა, მავრიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ეკონომიკის ეტაპობრივი ამოქმედების შესახებ. ხელისუფლებამ, ქვეყნის საკომუნიკაციო კომპანიებთან თანამშრომლობით, აამოქმედა საგანგებო ელექტრონული პროგრამა (Work Access Permit (WAP)) მოქალაქეების მიერ სამუშაო ადგილზე დასაშვებად ნებართვების მისაღებად.

 

20 მაისის მდგომარეობით, მავრიკის რესპუბლიკაში უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 332 პაციენტიდან დაიღუპა 10 ადამიანი, დანარჩენი კი სრულად გამოჯანმრთელდა. ეს მნიშვნელოვანია ამ კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის, რომლის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი წილი ტურიზმზე მოდის და უკვე შეეძლება დაიწყოს ტურიზმისთვის ქვეყნის „გახსნის“ მიზნით ნაბიჯების გადადგმა.

 

 

მოზამბიკის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 939, დაღუპული - 6

 

საზღვრებზე მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

20 მარტს მოზამბიკის ხელისუფლებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები, 30 დღით შემდეგი ზომების ამოქმედების შესახებ:

 

-          ფუნქციონირება დაიწყო ტექნიკური სამეცნიერო მრჩეველთა საბჭომ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით;

-          შეწყდა მოზამბიკის ვიზების გაცემა და გაუქმდა ყველა გაცემული ვიზა;

-          ქვეყანაში ჩასულ ყველა პირზე გავრცელდა 14 დღიანი კარანტინი;

-          დაიკეტა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულება;

-          აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის მონაწილეობით ნებისმიერი საჯარო შეკრება/თავყრილობა, მათ შორის რელიგიური შეკრებები;

-          ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებაში შემოღებულ იქნება სავალდებულო პრევენციული ღონისძიებები;

-          გაძლიერდება ზედამხედველობა, რათა შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების ბრუნვა.

 

30 მარტს, მოზამბიკის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ 2020 წლის 1 აპრილიდან გამოაცხადა 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. აიკრძალა ნებისმიერი საჯარო და კერძო თავყრილობები, რელიგიური, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ხელისუფლება მოამზადებს და მიიღებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის სხვადასხვა ზომას ბიზნესის მხარდასაჭერად. ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფო გააკონტროლებს ფასებს ძირითად საკვებ პროდუქტებზე, ხოლო ქვეყნის საწარმოები წახალისდებიან, რათა აწარმოონ პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო პროდუქცია.

 

საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა 30 დღით აპრილის ბოლოს, შემდეგ მაისის ბოლოს - 29 ივნისამდე, შემდეგ ივნისის ბოლოს 31 ივლისამდე.

 

ნამიბიის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 350

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

ნამიბიამ 30 დღით შეაჩერა ფრენები კატარის, გერმანიის და ეთიოპიის (ძირითადი საავიაციო ჰაბების) მიმართულებით. გაუმდა საჯარო ღონისძიებები.

 

20 მარტს, ნამიბიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნამიბიაში 6 თვის ვადით ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა (State of Emergency). ხელისუფლების მიერ Covid-19 დასახელდა საფრთხედ ნამიბიის მოსახლეობის ჯანმრთელობის და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. აიკრძალა ვირუსის გავრცელების ქვეყნების მოქალაქეების შესვლა ნამიბიაში საჰაერო თუ საზღვაო ტრანსპორტით. აიკრძალა ნამიბიის საერთაშორისო აეროპორტში ვიზების გაცემა. აიკრძალა ყველა სახის გასართობი, საქმიანი თუ სოციალური მნიშვნელობის მოგზაურობა. ნამიბიელებს, რომლებიც არიან სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები, აეკრძალათ ნამიბიაში ამ ეტაპზე დაბრუნება. აიკრძალა 50-ზე მეტი რაოდენობის  პირთა თავყრილობები. აღსანიშნავია, რომ ნამიბიის ისტორიაში დღემდე საგანგებო მდგომარეობა სამჯერ იყო გამოცხადებული: პირველად - 1999 წელს კაპრივის რეგიონის სეცესიის მცდელობისას; მეორედ - 2016 წელს, გვალვასთან დაკავშირებით; მესამედ - 2019 წელს, ასევე, გვალვასთან დაკავშირებით.

 

24 მარტს გაიმართა ნამიბიის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა, რომლის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა ჰეიგ გეინგობმა თავის გამოსვლაში საზოგადოებას ამცნო შემდეგი დამატებითი ზომების შემოღების შესახებ: 27 მარტიდან 16 აპრილამდე ნამიბიაში გამოცხადდა ნაწილობრივი კარანტინი; ნამიბიის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, 30 დღის განმავლობაში, აეკრძალათ საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა; აიკრძალა ქვეყანაში შესვლა ნებისმიერი მიმართულებიდან. გამონაკლისებს განიხილავს საგანგებო საბჭო ქვეყნის მოსახლეობის ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე; უცხოეთიდან ქვეყანაში დაბრუნებული ნამიბიის მოქალაქეები და რეზიდენტები დაექვემდებარებიან 14 დღიან კარანტინს მათივე სახსრებით; ყველა სახელმწიფო მოხელეს და კერძო ბიზნესის თანამშრომელს მიეცათ მითითება, სადაც შესაძლებელია, იმუშავონ სახლიდან; 25 მარტიდან 21 დღის ვადით შეჩერდა პარლამენტის ფუნქციონირება.

 

1 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიით ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად და ბიზნეს-სექტორის მხარდასაჭერად, ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილის მხარდასაჭერად, რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილები, ნამიბიის ხელისუფლება მობილიზებას გაუკეთებს 5.9 მილიარდი ნამიბიური დოლარის მოცულობის თანხას.

 

4 მაისიდან, ნამიბიაში შემსუბუქდება პანდემიასთან დაკავშირებული ზომები. კერძოდ, განახლდება ბიზნეს საქმიანობა. მოსახლეობას შეეძლება ქვეყნის შიგნით გადაადგილება, ნიღბების გამოყენებით. კვლავაც ჩაკეტილი რჩება ქვეყნის საზღვრები.

 

5 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სკოლებში სწავლების განახლების შესახებ 3 აგვისტოდან.

 

23 ივნისს, ნამიბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ეს ქვეყანა გაიხსნება უცხოელი ტურისტებისთვის იმ ქვეყნებიდან, სადაც კოვიდ-19-ის მდგომარეობა არ არის რთული. ნამიბიაში მსურველ უცხოელებს თან უნდა ჰქონდეთ კოვიდ-19-ის ტესტირების უარყოფითი შედეგის სერთიფიკატი. მათ, ასევე, მოუწევთ, საკუთარი ხარჯებით, ორთვიანი სავალდებულო კარანტინის გავლა ქვეყანაში შესვლისთანავე.

 

26 ივნისს ნამიბიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ქვეყნის საზღვრები კვლავაც ჩაკეტილი დარჩება. „ნამიბიის ავიახაზებმა“ კი გაავრცელა განცხადება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო ფრენები არ განახლდება 31 აგვისტომდე.