საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ბოცვანის მაღალი დონის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ

2019 წლის 4-8 მარტის განმავლობაში, პრეტორიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოს ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია პრეტორიაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური გადაფარვის არეალში მყოფი ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებით აღჭურვილი მაღალი დონის დელეგაცია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაცნობა და გაზიარება.

 

4 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიიღო ბოცვანის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბოცვანის პრეზიდენტის ეროვნული სტრატეგიის სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე ბანი კემონილვე მოლოსივა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო და სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. განხილულ იქნა, აგრეთვე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

 

ვიზიტის განმავლობაში, ბოცვანის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, გაეცნენ იუსტიციის სახლების და სამოქალაქო რეესტრის საქმიანობას, ეწვივნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „აწარმოე საქართველოში“, გაეცნენ საქართველოს საბაჟო სისტემას და საბაჟო სფეროში საქართველოს მიერ დამკვიდრებულ მოწინავე და საუკეთესო პრაქტიკას.

 

ბოცვანის დელეგაციის წევრები, ასევე, ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ თბილისის ღირსშესანიშნაობები.

 

2019 წლის 8 მარტი

პრეტორია