საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკას და საქართველოს შორის სპორტის სფეროში კავშირების და ტურიზმის განვითარების შესახებ

წარმატებით დაიწყო პრეტორიაში საქართველოს საელჩოს მიერ ხელშეწყობილი პროცესი, რომელიც სამხრეთ აფრიკას და საქართველოს შორის ე.წ. სპორტული ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით, სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში სპორტული, ძირითადად, რაგბის გუნდების, ასევე, მათი ოჯახის წევრებისა თუ მხარდამჭერების რეგულარულ ვიზიტებს გულისხმობს.

 

ამ პროცესის აქტიური მხარდამჭერია აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატა (Southern Africa Georgia Chamber of Commerce (SAGCC, http://www.sagcc.biz )) (თავმჯომარე ბატონი მარიუს ჰაინსი), რომლის მორიგი დელეგაციის საქართველოში 2018 წლის ოქტომბრის ვიზიტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ხსენებული იდეის ხორცშესხმაში.

 

ამჟამად, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრი სამხრეთ აფრიკული კომპანიის "მოგზაურობა და სპორტის" ("Travel and Sport") ორგანიზებით, საქართველოს სტუმრობს სამხრეთ აფრიკული შვიდკაცა რაგბის 16 წლამდე (U16) და 18 წლამდე (U18) ასაკის მორაგბეთა სამი გუნდი (Rhinos, Leopards, Lions).

 

მოხარული ვართ, რომ ხსენებული გრძელვადიანი პროექტით:

 

1)    ხელი ეწყობა სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში ტურიზმს, ვინაიდან აქცენტი კეთდება სამხრეთ აფრიკაში საკმაოდ მრავალრიცხოვან სასკოლო რაგბის გუნდებზე, არასრულწლოვანთა გუნდებს და მორაგბეებს კი მშობლებიც თუ სხვა გულშემატკივრებიც მოჰყვებიან;

2)    იზრდება საქართველოს ცნობადობა სამხრეთ აფრიკაში;

3)    სამხრეთ აფრიკიდან სხვადასხვა ასაკის რაგბის გუნდების ქართული რაგბის გუნდებთან და ქართველ მორაგბეებთან კონტაქტის ინტენსივობის ზრდა ხელს უწყობს ქართული რაგბის განვითარებასაც.

 

2018 წლის 4 დეკემბერი

პრეტორია